კერძო დაცვითი საქმიანობა

კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლს 2019 წლის ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით აწარმოებს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი „112“-ის ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების განყოფილება. 

დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით მაკონტროლებელი ორგანო ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის, მისი საქმიანობისა და მცველის შესაბამისობას  კანონის მოთხოვნებთან და შესაბამისად აკისრებს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისათვის ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. 

დაცვითი საქმიანობის კონტროლი ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კერძო დაცვის ობიექტებზე და მიზნად ისახავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, საქმიანობის უხარვეზო და შეუფერხებელ წარმართვას, კერძო დაცვით ორგანიზაციათა, დამკვეთთა და მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვა-უსაფრთხოებას კერძო დაცვითი საქმიანობის მართლზომიერი წარმართვის ფარგლებში.

 

კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ასევე, კერძო დაცვითი კომპანიების მხრიდან აღრიცხვის წარმოების სრულყოფისა და გამარტივების მიზნით „112“-ის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური პორტალი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კერძო დაცითი კომპანიების შესახებ ინფორმაციული ბაზების განახლება და კანონით დადგენილი სავალდებულო შეტყობინებების მიღება-კონტროლი.

დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია დარეგისტრირდეს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პორტალზე:
https://security.112.gov.ge/, რომელზეც ელექტრონული შეტყობინების სახით ყოველთვიურად უნდა გამოგზავნოს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს.

პორტალზე რეგისტრაციის მიზნით, დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია მაკონტროლებელ ორგანოს წარმოუდგინოს ინფორმაცია კომპანიის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირ(ებ)ის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო კოდი, პირადი ნომერი, დამფუძნებლების სახელი და გვარი, კომპანიის ლოგო. მოცემული ინფორმაცია აისახება პორტალზე; სრულად მისაწვდომია მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილი პირებისათვის, ხოლო საკუთარ ინფორმაციაზე წვდომა ცალკეულ კომპანიას აქვს თავის სამუშაო ოთახში. დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში აცნობოს კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების განყოფილებას ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 

შემმოწმებლის მიერ აღმოჩენილი დარღვევა ან სხვა მიმანიშნებელი გარემოება შესაძლებელია გახდეს აღნიშნული ობიექტის ან კერძო დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის უფრო სიღრმისეული შემოწმების საბაბი, რომლის დროსაც ხელმძღვანელობის სპეციალური მითითებითა და განკარგულებით შემოწმების უფლებამოსილი ჯგუფისა თუ პირის მიერ ხდება აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება-დადგენა. კერძოდ, შემოწმებას ექვემდებარება: მცველების კარტოთეკის და პირადი ბარათების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელება, დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლებისა და მცველების მონაცემებში ინფორმაციის ცვლილების განსაზღვრულ ვადაში შეუტყობინებლობა.

კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა, მათ შორის ფულადი ჯარიმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის, რომლის შეუსრულებლობა გამოიწვევს გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.