საგზაო უსაფრთხოების რეკომენდაციები

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

image6

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ:

სატრანსპორტო საშუალების საბურავები არის სეზონის (ზამთარი, ზაფხული) შესაბამისი; • სამუხრუჭე სისტემა გამართულია; • სატრანსპორტო საშუალების ძრავა გამართულია, ძრავის ზეთისა და წყლის მაჩვენებელი შეესაბამება ნორმის მაჩვენებელს; • გამართულია საავარიო მაშუქების სისტემა, ციმციმა მაშუქები, ფარები, გვერდითა მაჭუტი, საავარიო შუქსიგნალიზაცია, მინამწმენდები და უკანა ხედვის სარკეები; • ხელის/ფეხის მუხრუჭი, სიჩქარის გადამცემი კოლოფი სწორ პოზიციაშია; • სავარძელი თქვენთვის მოსახერხებელ მდგომარეობაშია; • შეიკარით უსაფრთხოების ღვედი, დარწმუნდით, რომ ავტომანქანის მგზავრსაც უსაფრთხოების ღვედი შეკრული აქვს; • ავტომობილის მართვისას არ გაცვიათ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც გაართულებს სატერფულების გამოყენებას (ქუსლიანი, დიდი ზომის და ა.შ.)

image4

უსაფრთხო დისტანცია

იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

unnamed

მანევრირების წესების დარღვევა

მანევრის დაწყებამდე ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქმაჩვენებელი. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. დაემორჩილეთ საგზაო ნიშნებს, რომლებიც მიგითითებენ, როგორ გადახვიდეთ გზის ერთი სავალი ნაწილის ზოლიდან მეორეში, მთავარ ქუჩაზე ან შემოვლით გზაზე. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 6-2 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 50 ლარის ოდენობით.

image5

მარჯვენა მხრიდან გასწრება

გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება მიიჩნევა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად. მსგავსი შემთხვევები ხშირად გვხვდება გზაჯვარედინებზე, ან შუქნიშნებთან, რაც გამოხატავს მძღოლის უპატივცემულობას სხვა მძღოლების ან წესებისა და კანონების მიმართ. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 6-2 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 50 ლარის ოდენობით.

image8

სამოძრაო ზოლის ცვლილება გზაჯვარედინზე

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი ფაქტორია განსაზღვრულ ზოლებში მოძრაობა მხოლოდ დაშვებული სიჩქარით. განსაზღვრულ ზოლში მოძრაობის წესების დაცვა, განსაკუთრებით გზაჯვარედინებზე, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეჯახების თავიდან ასაცილებლად. სამოძრაო ზოლის ცვლილება ხშირად ხდება გზაჯვარედინზე შუქნიშნის გავლის შემდეგ. ასეთი ქმედება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად ითვლება. მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ გზაჯვარედინთან მიახლოებისას, დარჩეს სამოძრაო ზოლში, მოერიდოს უეცარ დამუხრუჭებას ან სიჩქარის გაზრდას, რათა უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა და უსაფრთხოება. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 7 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 50 ლარის ოდენობით.

image2

ავტომობილის მძღოლის ქმედება ქვეითთან მიმართებაში

ავტომობილის მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქვეითად მოსიარულე პირების მიმართ (განსაკუთრებით ბავშვების, ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების). ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, არარეგულირებად გზაჯვარედინებზე და გზებზე, სადაც არის ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ან საგზაო ნიშანი, საფრთხე არ შეუქმნას გადამსვლელ ქვეითებს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს ავტომობილი და გზა დაუთმოს ქვეითს. მძღოლი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იჩენდეს გაჩერებული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გვერდის ავლის დროს, რათა უზრუნველყოს მგზავრების ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომა და გადმოსხდომა. ისეთი სატრანსპორტო საშუალების გვერდის ავლის დროს, რომელსაც აქვს ამოსაცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, შეანელოს სიჩქარე ან შეაჩეროს ავტომობილი იმ დრომდე, სანამ ბავშვები აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში დაასრულებენ ჩასხდომას ან გადმოსხდომას. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 5-1 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 40 ლარის ოდენობით.

image7

დგომა და გაჩერება

სატრანსპორტო საშუალების დგომა და გაჩერება აკრძალულია ველობილიკზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე, ქვეითთა სავალ ნაწილზე, სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე, მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს. გზის სავალ ნაწილზე საჭიროების გარეშე ავტომობილის გაჩერება არის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რაც იწვევს მოძრაობის შეფერხებას ან საცობს. აღნიშნულმა ქმედებამ, შესაძლოა, შეაფერხოს გადაუდებელი დახმარების სამსახურების გაადგილება, რამაც, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან ზიანი მიაყენოს მატერიალურ ქონებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებზე ავტომობილის გაჩერების წესების დარღვევით დგომას. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 8 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 10 ლარის ოდენობით.

image3

ავტომობილის მართვა წვიმიან ამინდში

ვინაიდან, წვიმიან ამინდში მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი და ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, ავტომობილის მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის. გაითვალისწინეთ: წვიმიან ამინდში მკვეთრი მოძრაობების გარეშე მართეთ საჭე, სამუხრუჭე და გაზის სატერფულები; უწყვეტ რეჟიმში გქონდეთ ჩართული მინამწმენდები (უკანა მინამწმენდიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საქარე მინის საშრობი; შეეცადეთ, არ განახორციელოთ მანევრი და ზოლიდან ზოლში გადასვლა; წვიმის დაწყების დროს გახსოვდეთ, რომ წვიმისა და გზაზე არსებული მტვრის ნაზავი არის მომატებული საფრთხე ავტომობილის გაჩერების დროს და არსებობს მოცურების საშიშროება.

nisli

ავტომობილის მართვა ნისლიან ამინდში

ნისლი ამცირებს ხილვადობას და ქმნის სახიფათო პირობებს მძღოლებისთვის. მათ უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ცვალებად ამინდში მოძრაობის დროს. გაითვალისწინეთ: შეანელეთ სვლა და იმოძრავეთ შესაბამისი სიჩქარით; თუკი თქვენს ავტომობილს ნისლსაწინააღმდეგო ფარები გააჩნია, გამოიყენეთ ისინი ახლო განათების ფარებთან ერთად. არ გამოიყენოთ საავარიო შუქსინგალიზაცია, რადგან ის მხოლოდ საავარიო გაჩერების დროს გამოიყენება; ჰაერში არსებულმა ტენიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქარე მინის ზედაპირის დაფარვა. გამოიყენეთ მინამწმენდები, უზრუნველყავით მინებისა და სარკეების სიმშრალე; დაიცავით დახაზული საგზაო ნიშნები, თავი აარიდეთ გასწრებას, ზოლიდან ზოლში გადასვლას, არ გადაადგილდეთ გზის შუა ნაწილში; დაიცავით შედარებით დიდ დისტანცია ავტომობილებს შორის, რადგან დაგჭირდებათ მეტი მანძილი დამუხრუჭების შემთხვევაში; ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს; შეამცირეთ ყურადღების გაფანტვის გამომწვევი გარემოებები და მთელი ყურადღება ავტომობილის მართვაზე გადაიტანეთ; თუ ნისლის მატების გამო მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელია, გადადით გზიდან და შეეცადეთ, ავტომობილი გააჩეროთ უსაფრთხო ადგილას. ჩართეთ საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები.

image9

გარე სანათი ხელსაწყოების გამოყენების პირობები

შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას; შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდანაა გამოსული ან ჩართული არ არის ფარები და უკანასაგაბარიტო მაშუქები, დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 2 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 15 ლარის ოდენობით.

unnamed (2)

სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა)

საგზაო მოძრაობისთვის საფრთხის შემცველია სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ წონაზე მეტად დატვირთვა ან ზედმეტი ტვირთი, რომლის პარამეტრები აღემატება დასაშვებ ნორმებს. სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს, დამაგრდეს (აუცილებლობის შემთხვევაში) და დაიფაროს, რომ საფრთხე არ შეექმნათ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს ავტომობილში მგზავრებისა და ტვირთის თანაბარ გადანაწილებაზე. მძღოლებმა არ უნდა ატარონ დაშვებულ ლიმიტზე მეტი წონის მქონე ტვირთები, რათა თავიდან ავიცილოთ გარემოზე და სხვა მგზავრებზე ნეგატიური ზეგავლენა. ასევე, დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტები: 5 ღერძიანი სატვირთო - მაქსიმუმ 45 ტონა 4 ღერძიანი სატვირთო - 42 ტონა 4 ღერძიანი სატვირთო (წინა) - მაქსიმუმ 37 ტონა 2 ღერძიანი სატვირთო - 21 ტონა აღნიშნული წესების უგულებელყოფა ართულებს ავტომობილის მართვას, ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს და საგზაო მოძრაობის შეფერხების შედეგად საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, ადამიანის სიცოცხლესა და საზოგადოებრივ ან კერძო საკუთრებას, ახდენს გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას.

image10

ავტომობილში მგზავრების განთავსება

აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით. 3 წლამდე ბავშვი მსუბუქ ავტომობილში უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე დამაგრებულ ბავშვის გადასაყვან სპეციალურ სავარძელში ან 16 წელს მიღწეული მგზავრის კალთაში, როდესაც ეს მგზავრი სარგებლობს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთი მგზავრის კალთაში იჯდეს ერთზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი. აღნიშნული დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის 1-1 ნაწილით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 40 ლარის ოდენობით.

image13

უსაფრთხოების ღვედის მნიშვნელობა

ღვედი საგზაო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტოსაგზაო შემთხვევისას მიღებული დაზიანების ხარისხის შემცირებაში. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ მძღოლს არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა მნიშვნელოვანია უსაფთხოების ღვედის გამოყენება და მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რა ზიანი მიადგება როგორც ავტომობილის მძღოლს, ასევე მგზავრებს. ღვედის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოულოდნელი დამუხრუჭებისას მძღოლი და მგზავრები დაიცვას მანქანის კორპუსთან შეჯახებისაგან, ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვარდნისაგან. მიუხედავად ღვედის უპირატესობების შესახებ ინფორმირებულობისა, ბევრი მძღოლი უარს აცხადებს ღვედით სარგებლობაზე. ვინაიდან, ეს ქმედება ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესებს, დარღვევა დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხლით და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 40 ლარის ოდენობით.

image10

ცეცხლმაქრი

ცეცხლმაქრი ხანძრის გავრცელების პრევენციის პირველადი საშუალებაა, რომლის გამოყენებამ, შეიძლება თავიდან აგვაცილოს როგორც მატერიალური, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზიანი. ცეცხლმაქრის მოქმედების ვადა მუდმივად უნდა შემოწმდეს და აღჭურვილობა განახლდეს შესაბამისად. იქონიეთ გამოსაყენებლად მომზადებული ცეცხლმაქრი ყველასთვის ადვილად მისაწვდომ ადგილას, ასევე, მიიღეთ ყველა პრევენციული ზომა ხანძრის თავიდან ასაცილებლად. ჩაატარეთ ელექტრო მავთულების პერიოდული შემოწმება და შეცვალეთ დაზიანებული ნაწილები. არ გააჩეროთ ავტომობილი გენერატორებთან ან ადვილად აალებად მასალებთან ახლოს. ასევე, არ მოწიოთ სიგარეტი ავტომობილში.

image14

საგზაო უსაფრთხოება მოსწავლეებისთვის

გახსოვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო წესების დაცვა სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში, ჩართეთ საავარიო შუქსიგნალიზაცია, ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელეთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო, მოძრაობა დაიწყეთ მაშინ, როცა კარი დახურულია და არ გააღოთ ის სრულ გაჩერებამდე. არ გადაადგილდეთ დაშვებულზე მაღალი სიჩქარით გზებზე და სკოლების სიახლოვეს. მოსწავლეების ჩასვლა და ამოსვლა უნდა გაკონტროლდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. სასკოლო სატრანსპორტო საშუალებების ზედამხედველებად უნდა შეირჩნენ ადამიანები, რომლებსაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება საგზაო უსაფრთხოების და მგზავრობისას შესაბამისი წესების დაცვის შესახებ.

image15

სატრანსპორტო საშუალების მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლის სამართლისა ან/და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ფულადი ჯარიმა, მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება და მართვის უფლების შეჩერებას 6 თვით).