112-ზე უნდა დარეკო მხოლოდ მაშინ, თუ გადაუდებელი შემთხვევაა. გადაუდებელი შემთხვევა გულისხმობს, ნებისმიერ სიტუაციას, როდესაც შემდეგი საგანგებო სამსახურების დახმარებაა საჭირო:

  • პოლიცია
  • სახანძრო / სამაშველო
  • სასწრაფო სამედიცინო

ზარის განხორციელებისას მოქალაქემ ოპერატორს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • რა მოხდა – შემთხვევის ტიპი, რომელი გადაუდებელი სამსახურის დახმარებაა საჭირო
  • სად მოხდა – შემთხვევის ზუსტი ადგილი
  • ზარის ინიციატორის სახელი და გვარი

აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია „112“-ის ოპერატორისთვის, რათა მან შეძლოს საჭირო და დროული დახმარების აღმოჩენა.

გახსოვდეთ!

  • ისაუბრეთ გარკვევით და სანამ ოპერატორი არ დაასრულებს საუბარს, არ გათიშოთ ტელეფონი! 
  • ყოველი შემოსული ზარი იწერება!



112 არის საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, რომელიც 2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.

112-ის ოპერატორ-დისპეტჩერები, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. 112-ის ოპერატორები წარმოადგენენ ერთადერთ დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ ადამიანებსა და საგანგებო სამსახურებს შორის.