საზოგადოებასთან ურთიერთობა

112-ის დღე

2009 წლიდან ევროკავშირის გადაწყვეტილებით 11 თებერვალი „112“-ის დღედ აღინიშნება. მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, სადაც „112“ ფუნქციონირებს ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღნიშნავს. საქართველოს „112“ აღნიშნულ დღეს აქტიურად აღნიშნავს. ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას ხალხმრავალ ადგილებში, გეგმავს შეხვედრებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ატარებს კონკურსებსა და საინფორმაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში. თითოეული ღონისძიება მოსახლეობაში „112“-ის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

სტუმრად 112-ში

2019 წლის ივლისიდან, „112“ თბილისის ცენტრში მოქალაქეებს „ღია კარის“ დღეზე მასპინძლობს. პროექტი, მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო სერვისის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 112-სა და მოქალაქეებს შორის ახალი საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, „112“-ის ხელმძღვანელ პირებს მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ თავად დაუსვან კითხვები. შეხვედრაზე სტუმრები, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან, ასევე, პრეზენტაციის სახით, მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. თითოეულ მოქალაქეს, მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, საშუალება აქვს ეწვიოს „112“-ის თბილისის ცენტრს. „112“ მუდამ მზად არის უპასუხოს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ცენტრის სამუშაო სპეციფიკისა და ოპერატორთან თანამშრომლობის თაობაზე.

ღია კარის დღე 112-ში

112-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ესტუმრონ 112-ის თბილისის ცენტრს და აიმაღლონ ცოდნა და უნარები გადაუდებელი დახმარების მიწოდების თაობაზე. შეხვედრებზე სტუდენტები იღებენ ინფორმაციას, როგორც 112-ის შესახებ, ასევე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელის მიერ მათ პირველი გადაუდებელი დახმარების შესახებ საბაზისო კურსი უტარდებათ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ. სტუდენტები, კურსზე მიღებული ცოდნის შედეგად, გადაუდებელი შემთხვევების დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას.

ინოვაციური საბავშვო პროექტი- „112-ის კოსმოსური ხომალდი“

„112-ის კოსმოსური ხომალდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა „112“-ის შენობის იდენტური მინი კონსტრუქცია, სადაც ფუტურისტული იმიჯის მქონე ოპერატორები ბავშვებს სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს ათამაშებენ. თამაშებში გამარჯვებული ბავშვები ხდებიან „112-ის კოსმოსური ხომალდის წევრები“ და ჯილდოვდებიან სპეციალური საშვით, რომლითაც შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ ნამდვილ „112“-ს. ქოლ-ცენტრში ვიზიტისას, მათ აქვთ შესაძლებლობა თავად ნახონ, თუ როგორ ეხმარებიან ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს. პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბავშვებმა ისწავლონ, თუ როდის უნდა დარეკონ „112“-ზე და ზოგადად, როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. აღნიშნული პროექტით „112“ არა ერთხელ იყო წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც ათასობით ბავშვს მიეწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ.

სპეციალური წოდება „112-ის გმირი”

„112“-ის მიერ, ყოველი წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „112-ის გმირის“ წოდებით ჯილდოვდება ყველა ის ბავშვი, რომელმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, „112“-ზე დროულად დარეკა და ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა. პროექტის მიზანს საუკეთესო მოზარდი ინიციატორების წახალისება წარმოადგენს, რომელთა ქცევა ერთმნიშვნელოვნად მისაბაძი და სამაგალითოა. „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ახორციელებს პროექტს - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“. პროექტის ფარგლებში „112“-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრს ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე სტუმრობს. „112“-ის წარმომადგენლები ცენტრში მოსულ სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით აწვდიან ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოზარდებს ასევე, განემარტებათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს. ვიზიტის დროს, სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ „112“-ის ცენტრი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.