112-ში ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ ტრენინგი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ ტრენინგი დაიწყო. ტრენინგის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 12 თანამშრომელი, ოთხი დღის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადდება.

ტრენინგზე განხილული იქნება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობების ფუნქციონირების პრინციპი, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები, მათი დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესი, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, ზონების დაგეგმარება და კონტროლი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ UN WOMEN-მა შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით ძალაში შედის მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან – UN WOMEN-თან აქტიური თანამშრომლობით. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იქმნება დამატებითი მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის ასამაღლებლად. კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება, რომლის დახმარებითაც მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.

მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება.