გაერთიანდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და "112"

“გაერთიანდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და “112”. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით სათვალთვალო ვიდეო კამერებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ქალაქებში, ასევე მაგისტრალებზე. “112” კი ყველასთვის ნაცნობი სამსახურია, ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი რაც არის მნიშვნელოვანი ამ სამსახურისთვის.
 
თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, თუ სახანძრო-სამაშველო, ან პოლიციური – შესაბამისი დანაყოფების მივლინება ინციდენტის ადგილას, რომ მოხდეს სწრაფად. პრეზენტაციაში ვნახავთ რა შეიცვალა და რა იქნება.
 
მინდა ყველას მივულოცო, ახალ და ძველ თანამშრომლებს. წარმატება მინდა ვუსურვო. მადლობა მინდა ყველას გითხრათ თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისთვის და წარმატება ვუსურვო ბატონ გიორგის,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
 
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მომიჯნავე სამსახურის წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები.
 
პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს ახალი ცენტრის უპირატესობები, 2019 წელს წარმატებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
 
2019 წლის 31 დეკემბერს გაერთიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების დროს მოსახლეობისთვის მიწოდებულ სერვისებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს.
 
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ზე დარეკეს და გადაარჩინეს უცხო ადამიანების სიცოცხლე. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დააჯილდოვა 2019 წლის საუკეთესო ოპერატორი, დისპეტჩერი და ჯგუფის უფროსი.