112-მა ოპერატორობის კანდიდატთა გადამზადების კურსი დაიწყო

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სასწავლო ცენტრმა ოპერატორობის კანდიდატთა გადამზადების ტრენინგკურსი დაიწყო. კურსები მიმდინარეობს „112“-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრებში.

აღნიშნულ პოზიციაზე ვაკანსია მიმდინარე წლის იანვრის თვეში გამოცხადდა. სულ შემოვიდა 631 განაცხადი, ხოლო შესარჩევი ეტაპები წარმატებით გაიარა 53-მა კანდიდატმა. ამ დროისთვის, 28 მათგანი ირიცხება ოპერატორობის კანდიდატთა გადამზადების სპეციალურ კურსზე.

გადამზადების პროგრამა 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. იგი სრულად მორგებულია ცენტრის ოპერატორობის კანდიდატის საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

სასწავლო კურსის მიზანია, კანდიდატებმა შეისწავლონ “112”-ის ძირითადი სამუშაო პროგრამები და გამოიმუშაონ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისათვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევა.